|
ნოქალაქევი
ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“), ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“ — ნაქალაქევი), ქართულ წყაროებში - ციხე–გოჯი. ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ციხეგოჯი, ანუ ქუჯის ციხე, ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო. მშენებლობა სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით იყო განპირობებული. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება მე-16 საუკუნეში დაიწყო, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია. ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა 1930-1931 წლებში აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით დაიწყო. გათხრები 1973-დან მიმდინარეობს. ნოქალაქევის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან ჩანს. ინტენსიური კი ცხოვრება ძვ. წ. V-IV საუკუნეებიდან გახდა. ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული. მთავარი ნაწილი განლაგებული იყო მდინარის ნაპირას, გარნიზონის სამყოფელი მდებარეობდა ფერდობზე, ხოლო შიდა ციხე (ციტადელი) - მთის წვერზე. ქვედა ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V და VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, ასევე მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვა ნაშთები. მდინარის მხარეს სამხრეთით და დასავლეთით ციცაბო კლდეებს მხოლოდ ერთი კედელი გასდევს. მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი პარალელურად 3 კედელია განლაგებული. ციტადელს 3 ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს. გალავანში ორმოც მოწამეთა ეკლესიაა ჩართული. 2 კოშკიდან ერთ-ერთი (ახლა "ჯიხად" წოდებული) კოლხეთის დაბლობსა და ჩრდილოეთ მხარეს უწევდა კონტროლს. ციტადელის ეზოში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. ნოქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. სამარხებში აღმოჩენელია კერამიკის ნაკეთობები, ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვა. აღსანიშნავია ბიზანტიის იმპერატორის მავრიკიოსის (582-622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი. ნოქალაქევის ტერიტორიაზე შედარებით მცირე რაოდენობით არის მოპოვებული XVI-XVIII საუკუნეების მასალა. |
|
დაჯავშნა +995 (32) 2322232 +995 593 800700 martvilipalace@gmail.com |
სიახლეების გამოწერა გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები |
იხილეთ აგრეთვე
|

















